დაბადების თარიღი: 21 აპრილი, 1895
გარდაცვ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1976 (81 წლის ასაკში)
დაბადების ადგილი: სოფელი წიფა, ხარაგაულის რაიონი
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
1912 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე.
1917 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1918 წელს მიიწვიეს მათემატიკური ანალიზის კათედრაზე ასისტენტად ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია რომ არჩილ ხარაძემ პირველმა წაიკითხა ქართულად ლექცია მათემატიკაში.
1922 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დატოვეს დოცენტად მათემატიკური ანალიზის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ანდრია რაზმაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭობ ა. ხარაძე აირჩია პროფესორად და დაამტკიცა კათედრის გამგედ. ერთხანს იყო დეკანიც.
1938–1944 წლებში უნივერსიტეტის პრორექტორი.
1947-1952 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორია.
იყო მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ორგანიზატორი საქართველოში. მისი ძირითადი მეცნიერული გამოკვლევები ეხება ალგებრის, გეომეტრიისა და მათემატიკის ანალიზის საკითხებს. ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი. დიდი ღვაწლი მიუძღვის მათემატიკური ტერმინოლოგიის დადგენასა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა პროპაგანდის საქმეში. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;
გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მათემატიკურ საზოგადოებას. დაჯილდოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელისაბედ ერმის ასული ვოზდვიჟენსკაია (დ. 22 ოქტომბერი, 1895, ასტრახანი — გ. 13 თებერვალი, 1989, თბილისი).
მისი ძმა იყო ასტრონომი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამმაარსებელი — ევგენი ხარაძე. მისი შვილი — მეცნიერი და ფიზიკოსი გიორგი ხარაძე, იყო ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
1970-1975 საქართველოს მათემატიკის საზოგადოება, პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1944 – საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
წითელი დროშის ორდენი
საპატიო ნიშნის ორდენი