დაბადების თარიღი: 11 აგვისტო, 1888
გარდაცვ. თარიღი: 5 თებერვალი, 1931 (42 წლის ასაკში)
დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის და ოლგა გურამიშვილის ოჯახში. ადრეული წლებიდან დაკავებული იყო ტანვარჯიშით. ტანვარჯიშში მეცადინეობა დაიწყო თბილისის პირველ გიმნაზიაში ჩეხი პედაგოგის ანტონ ლუკეშის ხელმძღვანელობით. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. 1912 წელს პეტერბურგის გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე-6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში, 2000 მონაწილეს შორის დაიკავა მე-15 ადგილი მძლეოსნურ ტანვარჯიშში. გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც გიორგი ნიკოლაძე აღბეჭდილია პრაღაში ბადროს ტყორცნისას. 1913 წელს გამოვიდა რუსეთის პირველობაზე, ამავე წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში.
1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
1913–1916 წწ. მუშაობდა ტულა–კოსაია–გორას თუჯის, იუზოვკის (დონეცკი) მეტალურგიულ ქარხნებში.
1916–1918 წწ. ენაკიევოს მეტალურგიულ ქარხანაში.
1918 წელს დაბრუნდა საქართველოში; იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად.
1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რომელშიც მონაწილეობდა 18 ალპინისტი, მათ შორის 5 ქალი, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს.
1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო.
1927 წელს დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია.
1928 წელს დისერტაცია დაიცვა სორბონში, ხოლო პარიზში ცალკე წიგნად გამოვიდა. პარიზში ცოლად შეირთო ემიგრანტ ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილი. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სავალდებულო კურსს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. ამ დარგში შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
1929–1930 წწ. თბილისში (დიდუბეში) მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.
1934 შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – “დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები”; მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში.
1973 მეცნიერებათა აკადემიამ დააარსა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია ტექნიკურ დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, დაწესებულია გ. ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. ამავე უნივერსიტეტში არის მისი სახელობის გეომეტრიის კაბინეტი.
მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაში. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.
გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
1913 სატანვარჯიშო საზოგადოება (დონბასი), დამფუძნებელი
1918 სატანვარჯიშო საზოგადოება (თბილისი), დამფუძნებელი
1924 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ერთ-ერთი დამფუძნებელი