ჯონ ფორბს ნეში (1928 – 2015) – ამერიკელი მათემატიკოსი და ეკონომისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თამაშთა თეორიის, დიფერენციალური გეომეტრიისა და კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების საკითხთა კვლევებში. ის უფრო ცნობილია „ნეშის წონასწორობის“ თეორიული კონცეფციით, რისთვისაც რეინჰარდ ზელტენთან და ჯონ ჰარშანისთან ერთად 1994 წელს გაიზიარა ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში. მას ასევე, 2015 წელს მიენიჭა აბელის პრემია არაწრფივი კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თაობაზე ნაშრომებისათვის. ჯონ ნეში – ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ორივე ეს ჯილდო მიენიჭა.
ნეში მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა შიზოფრენიას. საავამდყოფოშიც კი მკურნალობდა, თუმცა მეუღლის დახმარებით, მან მოახერხა ამ მენტალური დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა. 2015 წელს ის მეუღლესთან ერთად, ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ჯონ ნეში 1928 წლის 13 ივნისს დასავლეთ ვირჯინიაში (აშშ) დაიბადა. ბავშვობაში საბავშვო ბაღსა და სახელმწიფო სკოლაში დადიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნეში სწავლობდა კარნეგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი). მან გაიარა კურსი ქიმიაში, საერთაშორისო ეკონომიკაში და შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა მათემატიკას გაჰყოლოდა. 1948 წელს, ინსტიტუტის ორი – ბაკალავრისა და მაგისტრის – დიპლომებით დასრულების შემდეგ ნეში პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნეშის ინსტიტუტის მასწავლებელმა რიჩარდ დაფინმა მას ერთ-ერთი ყველაზე ლაკონური სარეკომენდაციო წერილი მისცა. წერილში ერთი სტრიქონი იყო: “ის მათემატიკური გენიოსია”.
ნეში გაიტაცა თამაშთა თეორიამ და 20 წლის ასაკში შეძლო მეცნიერული მეთოდის საფუძვლების შექმნა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. 1949 წელს 21 წლის მეცნიერმა თამაშთა თეორიის საკითხებზე დისერტაცია დაწერა. 1950-1953 წლებში ნეშმა გამოაქვეყნა ოთხი რევოლუციური ნაშრომი არანულოვანი ჯამის თამაშების საკითხებზე. მან აღმოაჩინა და დაამტკიცა “არაკოოპერატიული წონასწორობის” არსებობის შესაძლებლობა. ამ შედეგს მოგვიანებით “ნეშის წონასწორობა” უწოდეს. არაკოოპერატიულ თამაშებზე 28 გვერდიანი დისერტაციისთვის 1950 წელს ნეშმა დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.

1959 წელს ნეშს გამოუვლინდა ფსიქიკური დაავადების აშკარა ნიშნები. მან რამოდენიმე წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. 1970 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა, რამაც 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან საშუალება მისცა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას.
2011 წელს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ მოხსნა საიდუმლოების გრიფი ნეშის მიერ 1950-იან წლებში დაწერილ წერილებს, რომლებშიც მის მიერ მოგონილი ახალი დაშიფვრა-გაშიფვრის მანქანა იყო შეთავაზებული. წერილებიდან ჩანს, რომ ნეშმა წინ გაუსწრო დროს გამოთვლით სირთულეზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიის დღეისათვის თანამედროვე მრავალი კონცეფციის ჩამოყალიბებაში.

ნეშის ნაშრომებმა თამაშთა თეორიაში მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი წვლილი შეიტანეს მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის: ეკონომიკაში, აუქციონების მოწყობაში, სიხშირეთა განაწილებაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, ევოლუციურ ბიოლოგიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, გარემოს დაცვის საკითხებში, გენეტიკაში, პოლიტოლოგიაში, იურისპრუდენციაში, სპორტში, კონფლიქტოლოგიაში და მრავალ სხვაში.