ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ მათემატიკური ამბების თხრობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ორი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული მოხსენება, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე სტატისტიკისა და ალბათობის პრაქტიკულ მნიშვნელობას, ხოლო მეორე მხრივ, ქართული მათემატიკური აზროვნების ისტორიულ განვითარებას შეეხებოდა.
პირველი მოხსენება – „როცა ინტუიცია გვატყუებს: სტატისტიკის პარადოქსები და ალბათობის ძალა“ – „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ დამფუძნებელმა გოჩა უგულავამ წარადგინა. მოხსენების მთავარი იდეა იყო იმის ჩვენება, თუ რამდენად ხშირად შეიძლება ადამიანური ინტუიცია მცდარ დასკვნამდე მივიდეს მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ალბათობასთან, სტატისტიკურ მონაცემებთან და გაურკვევლობასთან.
მოხსენებაში განხილული იყო ოთხი კლასიკური მაგალითი: ჰიპოთეზის სტატისტიკური შემოწმება, ბაიესის ფორმულა, მონტი ჰოლის პარადოქსი და სიმპსონის პარადოქსი. თითოეული მათგანი განსხვავებული კუთხით აჩვენებს, რატომ არის აუცილებელი ინტუიციური შეფასებების მონაცემებითა და შესაბამისი სტატისტიკური მეთოდებით გადამოწმება.
ღონისძიების მეორე მოხსენება – „ქართული მათემატიკის ისტორია“ – „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მიხეილ გაგოშიძემ წარმოადგინა. მოხსენებამ მსმენელებს ქართული მათემატიკური აზროვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპი გააცნო – ქართული კულტურისა და განათლების ადრეული პერიოდიდან თანამედროვე სამეცნიერო სკოლამდე.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა გელათის აკადემიის საგანმანათლებლო ტრადიციაზე, სადაც სასწავლო პროგრამა, სხვა დისციპლინებთან ერთად, არითმეტიკას, გეომეტრიასა და ასტრონომიასაც მოიცავდა. ასევე ნაჩვენები იყო მათემატიკური აზროვნების კავშირი ქართულ ლიტერატურასთან – მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ სტრუქტურაში ოქროს კვეთის პროპორციების გამოყენების მაგალითზე.
მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა მის მიერ თამარ ხარაბაძესთან ერთობლივად მოპოვებული ბაგრატის ტაძრის კედლის ფრაგმენტის ფოტო, რომელზეც საქართველოს ისტორიაში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთი უძველესი დადასტურებული მაგალითია წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქართული მათემატიკური სკოლის გამოჩენილ წარმომადგენლებს. მოხსენებაში განხილული იყო ანდრია რაზმაძის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა, მისი როლი თბილისის უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში, ქართულ ენაზე მათემატიკის სწავლებისა და ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის განვითარებაში. ასევე წარმოდგენილი იყო გიორგი ნიკოლაძის, ნიკოლოზ მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას სამეცნიერო მოღვაწეობა და მათი წვლილი ქართული მათემატიკის განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიკოს ანდრო ბიწაძის ცხოვრებასა და სამეცნიერო მემკვიდრეობას. ანდრო ბიწაძე იყო ქართველი მათემატიკოსი, რომლის კვლევები მოიცავდა ელიფსური, ჰიპერბოლური და შერეული ტიპის დიფერენციალურ განტოლებებს, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებსა და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის, მოსკოვისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებსა და მათემატიკის ინსტიტუტებში.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ გაიმართა აქტიური მსჯელობა და საინტერესო დისკუსია. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლები: თეონა გრიგოლაშვილი – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი; გიორგი დათუაშვილი – სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი; თათია ხარაბაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ანა კაკაბაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი; ანტონ სინატაშვილი – ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; მაკა ცერცვაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი და თამარ ხარაბაძე – ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი. დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს წარმოდგენილი თემების მნიშვნელობაზე, მათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულებაზე, ასევე უნივერსიტეტში ცოდნის გაზიარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ქართველი მათემატიკოსისა და პროფესორის, ანდრო ბიწაძის სახელობის ციფრული მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის გახსნა. ახალი ლაბორატორიის სახელწოდება სიმბოლურად აკავშირებს ქართული მათემატიკური მეცნიერების ტრადიციას თანამედროვე ტექნოლოგიურ მიმართულებებთან – ციფრულ მოდელირებასა და ხელოვნურ ინტელექტთან.
მათემატიკის თხრობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა მათემატიკის ისტორია, თანამედროვე სტატისტიკური აზროვნება და ახალი ტექნოლოგიები. შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო, რომ მათემატიკა მხოლოდ ფორმულებისა და გამოთვლების ერთობლიობა არ არის – ის არის აზროვნების, მოვლენების გაანალიზებისა და რთული პროცესების უკეთ გაგების ინსტრუმენტი, რომლის განვითარებასაც საქართველოში ხანგრძლივი სამეცნიერო ტრადიცია აქვს.