1994 წელს კარიბის თასზე გრენადა-ბარბადოსის ფეხბურთის მატჩი გაიმართა. ქვეჯგუფიდან, რომელშიც ბარბადოსის, გრენადის და პუერტო-რიკოს ეროვნული ნაკრებები თამაშობდნენ, ტურნირის წესების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გადიოდა მხოლოდ ერთი გუნდი.
გრენადის გუნდი პირველ ადგილზე იყო და შემდგომ პლეი-ოფში გასასვლელად მას ბარბადოსთან მოგება ან მინიმუმ ერთი ბურთის სხვაობით წაგება სჭირდებოდა. ბარბადოსელებს კი, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ, გრენადის ნაკრები ორი ან მეტი ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ.
მატჩის ინტრიგას ტურნირის მაშინდელი წესი ამძაფრებდა, რომლის მიხედვითაც, თუ ძირითადი დრო ფრედ დამთავრდებოდა, ინიშნებოდა დამატებითი დრო, და მატჩის ბედს „ოქროს გოლი“ წყვეტდა. დამატებით დროში გატანილი “ოქროს გოლი” ორ გოლს უტოლდებოდა და თამაში მაშინვე სრულდებოდა გამარჯვებულის გამოვლენით.
ბარბადოსის გუნდმა სწრაფად გაიტანა ორი გოლი და მატჩს 2:0 იგებდა. ასეთი შედეგი ბარბადოსელებს აწყობდათ და ეს ანგარიში 83-ე წუთამდე შენარჩუნდა, ვიდრე გრენადის გუნდმა ერთ-ერთ შეტევაში ბარბადოსის კარში ბურთი არ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა. გრენადის გუნდს ასეთი შედეგი (ერთი ბურთის სხვაობით წაგება) აწყობდა და ისინი მთლიანად საკუთარ კართან გადანაცვლდნენ, რათა მეტოქის შეტევები მოეგერიებინათ — მესამე გოლი მათთვის ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლას გამორიცხავდა.
ბარბადოსელები, ხედავდნენ რა, მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ვერ ახერხებდნენ მესამე გოლის გატანას (მათ ხომ ორი ბურთის სხვაობა ესაჭიროებოდათ), 87-ე წუთზე განზრახ გაიტანეს გოლი საკუთარ კარში, რათა ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდგომ შეხვედრა დამატებით 30 წუთში გაგრძელებულიყო. ტურნირის წესების თანახმად, დამატებით დროში გატანილი „ოქროს გოლი“ ორ გოლს უტოლდებოდა და თამაშის დასრულებას იწვევდა, რაზეც ბარბადოსელები იმედს ამყარებდნენ. ორი ბურთის სხვაობით მოგება ხომ მათ კარიბის თასის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს აძლევდა.
გრენადის გუნდმა მოწინააღმდეგის გეგმა გამოიცნო და გადაწყვიტა ძირითადი დროის დარჩენილ წუთებში ნებისმიერ კარში გაეტანა გოლი — ან 3:2 გაიმარჯვებდნენ (მოგება) ან 2:3 დამარცხდებოდნენ (ერთი ბურთის სხვაობით წაგება), — ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ (მეორე შემთხვევაში — უკეთესი გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით).
მატჩის ბოლო წუთები და მსაჯის მიერ დამატებული დროის ოთხი წუთი კომიკურ სიტუაციაში წარიმართა — გრენადის ფეხბურთელები ცდილობდნენ ნებისმიერ კარში გაეტანათ გოლი, ხოლო ბარბადოსელები თავგამოდებით იცავდნენ როგორც საკუთარ, ისე მოწინააღმდეგის კარს.
ბარბადოსმა გაუძლო და ძირითადი დრო ფრედ, 2:2 ანგარიშით დასრულდა. ბარბადოსის გეგმა დამატებით დროში წარმატებით განხორციელდა. ბარბადოსელებმა „ოქროს გოლი“ გაიტანეს, შეხვედრა მაშინვე დასრულდა 4:2 ანგარიშით და საბოლოოდ გატანილი გოლების სხვაობით ბარბადოსმა 1994 წლის კარიბის თასის პლეი-ოფში იასპარეზა.
ამგვარი, ფეხბურთისათვის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტული შეჯიბრისათვის) არაორდინალური, უჩვეულო და კომიკური ვითარება არ გვექნებოდა, ტურნირის ორგანიზატორებს თამაშის წესების ჩამოყალიბებისას თამაშთა თეორიის და კონკრეტულად მისი ქვედარგის – მექანიზმების დიზაინის თეორიის დებულებები რომ გაეთვალისწინებინათ.
თამაშთა თეორია — მათემატიკური მეთოდია, რომელიც იკვლევს ოპტიმალურ სტრატეგიებს თამაშებში. თამაში არ გულისხმობს მხოლოდ სპორტულ ან თუნდაც აზარტულ თამაშს.
თამაშთა თეორია, როგორც ერთ-ერთი მიდგომა, გამოიყენება სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანის ქცევის შესასწავლად. თავდაპირველად თამაშთა თეორია განვითარდა ეკონომიკური მეცნიერების წიაღში და საშუალებას იძლეოდა მეცნიერებს შეესწავლათ და აეხსნათ ეკონომიკური აგენტების ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში. მოგვიანებით, თამაშთა თეორიის გამოყენების არეალი გაფართოვდა სხვა სოციალურ მეცნიერებებზეც; დღესდღეობით თამაშთა თეორია გამოიყენება ქცევის და სტრატეგიული ურთიერთქმედების ასახსნელად ეკონომიკაში, პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, კონფლიქტოლოგიაში, ბიოლოგიასა და სხვა მრავალ სფეროში.
თამაში არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, ისინი იბრძვიან თავიანთი ინტერესების განხორციელებისთვის. თითოეულ მხარეს აქვს საკუთარი მიზანი და იყენებს სტრატეგიას, რომელმაც შეიძლება ის მიიყვანოს მოგებამდე ან წაგებმდე — რაც სხვა მოთამაშეების ქცევაზეცაა დამოკიდებული. თამაშთა თეორია გვეხმარება ავირჩიოთ საუკეთესო სტრატეგიები სხვა მონაწილეების ქცევისა და რესურსების გათვალისწინებით.
თამაშთა თეორიის შებრუნებული ამოცანები აქვს მის ქვედარგს – მექანიზმების დიზაინის თეორიას (mechanism design / reverse game theory). ეს თეორია შემუშავებულია ოპტიმალური წესების, პირობებისა და მექანიზმების შესაქმნელად, რომლებიც თამაშის შედეგის სასურველი მიმართულებით წარსამართად გამოიყენება. ეკონომიკური მექანიზმების დიზაინი არის მიდგომა, რომელიც ქმნის იმგვარ ურთიერთქმედების მექანიზმს, რომელსაც ცალკეული ეკონომიკური აგენტების ქმედებები სოციალური არჩევანის ფუნქციისათვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. ამ შემთხვევაში მიზანია – მექანიზმის შექმნა, რომელშიც ესა თუ ის წონასწორული მდგომარეობა იქნება ოპტიმალური ამა თუ იმ მიზნისათვის.
2007 წელს ამერიკელმა ეკონომისტებმა ლეონიდ ჰურვიცმა, ერიკ მასკინმა და როჯერ მაიერსონმა მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკაში მექანიზმების დიზაინის თეორიის საფუძვლების შემუშავებისთვის.
მექანიზმების დიზაინის თეორია გამოიყენება მონოპოლიების და საგადასახადო სისტემების ოპტიმალური რეგულირებისთვის, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობების დაფინანსებისთვის, ხარჯების და რესურსების განაწილებისთვის და სხვა მრავალი მიზნისთვის.
სწორად ჩამოყალიბებული წესები, ანუ სწორი დიზაინით დაპროექტებული მექანიზმი, აგვაცილებდა ზემოთ მოყვანილ სიტუაციას და საჭირო სტიმულების შექმნით წარმართავდა თამაშს სწორი მიმართულებით.