ილია ვეკუა (დაიბადა 23 აპრილი 1907 წელი, შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი – გარდაიცვალა 2 დეკემბერი 1977 წელი, თბილისი) ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში”. 1939 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის”. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია “ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები”. ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სახელმწიფო პრემია მიეკუთვნა.
სხვადასხვა წლებში ი.ვეკუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორი, ახალ დაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველი რექტორი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე იყო.
1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს. 1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1972 წელს ი.ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.
ი.ვეკუას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს, 70 წლის ასაკში. მისი ცხედარი 6 დეკემბერს მთაწმინდის მიწას მიაბარეს.
