„სხვა მათემატიკოსები ამტკიცებენ იმას, რაც შეუძლიათ, ფონ ნეიმანი კი ამტკიცებდა იმას, რაც სურდა“
წარმოიდგინეთ გენიალური ადამიანი, რომელიც შვიდი წლის ასაკში რვანიშნა რიცხვებს ზეპირად ყოფს და ამრავლებს და საკუთარ მამას არითმეტიკულ შეცდომებს უსწორებს. რომელიც წიგნის გვერდებს ერთი გადაკითხვით ზეპირად იმახსოვრებს და რომელსაც ისე თავისუფლად შეუძლია კვანტური მექანიკის საკითხებზე საუბარი, როგორც უნგრულ სამზარეულოზე. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის ფუძემდებელი, თამაშთა თეორიის მამა, მანჰეტენის პროექტის აქტიური მონაწილე — მათემატიკოსი, რომლის ნაშრომებმა გავლენა მოახდინა კვანტურ კვლევებზე, ავტომატების თეორიაზე, ეკონომიკაზე, ჰიდროდინამიკაზე, ბალისტიკაზე, სტატისტიკასა და მეტეოროლოგიაზე. იგი იყო სახელმწიფო კომიტეტების მრჩეველი, მრავალი ჯილდოსა და საპატიო ხარისხის მფლობელი, რამდენიმე აკადემიის წევრი, წვეულებების სული და გული და ხანდახან — პოტენციური ავტოავარიების მონაწილეც. ეს ყველაფერი — ერთ ადამიანში იყო თავმოყრილი. ის იყო მეოცე საუკუნის ჭეშმარიტი გენია — ჯონ ფონ ნეიმანი.
ჯონ ფონ ნეიმანი 1903 წელს ბუდაპეშტში დაიბადა. უკვე ბავშვობაში მან გასაოცარი უნარები გამოავლინა: პატარა იანჩი (ასე ეძახდნენ ოჯახში) რთულ მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდა და ბრწყინვალედ ფლობდა ძველ ბერძნულს. 18 წლის ასაკში უკვე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს და ლექციებს უკითხავდა პროფესორებს, რომლებიც ასაკით მასზე ორჯერ უფროსები იყვნენ.
ციურიხსა და ბუდაპეშტის უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ სრულად ჩაეფლო მათემატიკაში. მისი სახელი სწრაფად გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებში. ის დირიჟორივით იყო, რომელიც რიცხვებსა და თეორიებს ოსტატურად მართავდა.
1928 წელს, სულ რაღაც 25 წლის ასაკში, ფონ ნეიმანმა გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თამაშთა თეორიას — მათემატიკურ დისციპლინას, რომელიც კონკურენციის პირობებში მონაწილეთა ქცევას იკვლევს. მანამდე ეკონომიკა მეტწილად ინტუიციასა და სტატისტიკას ეყრდნობოდა. ფონ ნეიმანმა კი სრულიად ახალი რაკურსით შეხედა ყველაფერს: ადამიანების ქცევის ანალიზი შეიძლება ისეთივე ზუსტი იყოს, როგორც ჭადრაკის პარტიის გათვლა. მოგვიანებით მან ეკონომისტ ოსკარ მორგენშტერნთან ერთად დაწერა მონუმენტური ნაშრომი „თამაშთა თეორია და ეკონომიკური ქცევა“ (1944). ეს უბრალოდ წიგნი არ იყო — ეს იყო ეკონომიკის ახალი ეპოქის მანიფესტი. ისინი ამტკიცებდნენ: თუ გავიგებთ, როგორ იქცევიან რაციონალური მოთამაშეები კონკურენტულ გარემოში, შეგვიძლია ეკონომიკური მოვლენების წინასწარმეტყველება და მართვაც კი — ვაჭრობიდან დაწყებული სამხედრო მოლაპარაკებებით დასრულებული. ფონ ნეიმანმა ჩამოაყალიბა თამაშთა თეორიის ისეთი ძირითადი ცნებები, როგორებიცაა: ნულოვანი ჯამის თამაშები (როდესაც ერთი იგებს — მეორე აგებს), ოპტიმალური სტრატეგიები (როგორ ვიმოქმედოთ მინიმალური ზიანით), მინიმაქსის თეორემა — სტრატეგია, რომლის მიზანიცაა მოთამაშემ მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მაქსიმალური შესაძლო ზარალი. ეს იდეა განსაკუთრებით გამოსადეგია ორმხრივი დაპირისპირების დროს. მის ლექციებს პრინსტონის უნივერსიტეტში ესწრებოდა ახალგაზრდა მათემატიკოსი ჯონ ნეში, რომელმაც მოგვიანებით გააღრმავა ფონ ნეიმანის იდეები.
1927-1931 წლებში ფონ ნეიმანმა გამოაქვეყნა ხუთი მნიშვნელოვანი ნაშრომი კვანტურ მექანიკაში . მან დაამუშავა კვანტური თეორიის მათემატიკური საფუძველი და განიხილა მისი სტატისტიკური ასპექტებიც.
1930-იან წლებში იგი აშშ-ში გადადის და პრინსტონის უნივერსიტეტში იწყებს მუშაობას, სახელგანთქმულ პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში, სადაც ალბერტ აინშტაინი მუშაობდა. თუმცა განსხვავებით აინშტაინისგან, ფონ ნეიმანი აქტიურად იყო ჩართული სამხედრო პროექტებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იგი ერთვება მანჰეტენის პროექტში — ატომური ბომბის შექმნაში. სწორედ მისმა მათემატიკურმა გამოთვლებმა განსაზღვრა, რა სიმაღლეზე უნდა აფეთქებულიყო ბომბი ჰიროსიმაში, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. ამიტომაც მას ხშირად ეძახდნენ „ანგელოზის სახის მქონე სამყაროთა დამანგრეველს“.
თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ფონ ნეიმანი მხოლოდ ატომური ბომბით შევიდა ისტორიაში — ცდებით. მას ეკუთვნის თანამედროვე კომპიუტერული არქიტექტურის საფუძველი. 1945 წელს მან წარმოადგინა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომპიუტერები დღესაც ფუნქციონირებენ: პროცესორისა და მეხსიერების გამიჯვნა, მონაცემებისა და პროგრამების ერთ სისტემაში შენახვა. ეს მოდელი დღესაც ცნობილია როგორც ფონ ნეიმანის არქიტექტურა.
1948 წელს ჯონ ფონ ნეიმანმა დაამუშაავა ავტომატების თეორია, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის დამმუშავებელ მანქანებს თვითაღწარმოების, განვითარებისა და სრულყოფის უნარი ექნებოდათ. 1950-იან წლებში ის იკვლევდა ტვინისა და კომპიუტერის ფუნქციონირების პრინციპებს, რაც მოგვიანებით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.
გარდა ამისა, ფონ ნეიმანმა დიდი წვლილი შეიტანა ოპერატორების თეორიაში, მათ შორის ალგებრებში, რომლებიც დღეს „ფონ ნეიმანის ალგებრების“ სახელითაა ცნობილი. მან შემოიღო პირდაპირი ინტეგრალის ცნება. ფონ ნეიმანის ერთ-ერთ დამსახურებადაა მიიჩნეული სეპარაბელურ ჰილბერტის სივრცეებზე ფონ ნეიმანის ალგებრების კლასიფიკაციის რედუცირება ფაქტორების კლასიფიკაციამდე.
როდესაც ის რთულ პრობლემებზე მუშაობდა, მთლიანად ეთიშებოდა გარესამყაროს. ყოფილა შემთხვევები, როცა ტელეფონზეც დაურეკავს იმის გასაგებად, თუ სად მიდიოდა და რატომ. ყველაზე რთულ ამოცანებს ხშირად ძილში ხსნიდა, დილით იღვიძებდა და პასუხს ფურცელზე იწერდა.
მიუხედავად გენიალურობისა, ფონ ნეიმანი დაუდევარ მძღოლად იყო ცნობილი. იგი მანქანას წიგნის კითხვის პარალელურად მართავდა, რისთვისაც არაერთხელ დააჯარიმეს და დააპატიმრეს კიდეც. ლეგენდის მიხედვით, IBM-მა სპეციალურად დაიქირავა ადამიანი, რომელიც ფარულად იხდიდა მის ჯარიმებს. პრინსტონის ერთ-ერთ გზაჯვარედინს კი ხალხი ხუმრობით „ფონ ნეიმანის გზაჯვარედინს“ ეძახდა — იმდენად ხშირად ხვდებოდა ის იქ ავარიაში.
1955 წელს ექიმებმა ფონ ნეიმანს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს — კიბო. შესაძლოა ეს იყო რადიოაქტიურ მასალებთან მუშაობის შედეგი. იგი გარდაიცვალა 1957 წელს, 53 წლის ასაკში. თუმცა სიკვდილის წინა დღეებშიც კი ითხოვდა, რომ მათემატიკის წიგნები მოეტანათ — ფორმაში ყოფნა სურდა.
ჯონ ფონ ნეიმანის სახელს თითქმის მითიური ელფერი ახლავს. მისი გავლენა იგრძნობა მათემატიკაში, ფიზიკაში, ეკონომიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, ბიოლოგიაში, ლოგიკაში, კიბერნეტიკასა და ფილოსოფიაშიც კი. მის გარეშე ჩვენი სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა: არ გვექნებოდა ისეთი კომპიუტერები, როგორიც დღეს გვაქვს, არ იარსებებდა თამაშთა თეორია — რომელიც დღეს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სტრატეგიებზე ახდენს გავლენას — და არ გვექნებოდა ციფრული რევოლუცია.
ის იყო ადამიანი, რომელიც მომავალში კი არ ცხოვრობდა — ის მას ქმნიდა.